ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი Youth Tech Clubs Network.

პროექტი განხორციელდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), საქართველოს ICT კლასტერისა და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) თანამშრომლობით. პროექტს მართავდა საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია. მისი მთავარი მიზანი იყო შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და დასაქმების შესაძლებლობებთან შესაბამისი ცოდნისა და უნარების განვითარება.

ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს 8 რეგიონში, ჯამში 100 სკოლასა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაარსდა პროგრამირების და ტექნოლოგიური მეწარმეობის კლუბები. შერჩეულ ბენეფიციარებს ჰქონდათ შესაძლებლობა, არჩეული მიმართულებები სრულიად უფასოდ შეესწავლათ.

Youth Tech Clubs Network-ის ფარგლებში შემუშავდა 10 სასწავლო კურსი შესაბამისი სასწავლო მასალებით და გადამზადდა ტრენერები მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროექტის ფარგლებში შემუშავებული და განხორციელებული კურსებია:

  1. Python პროგრამირება
  2. კომპიუტერული გრაფიკა
  3. ვებდეველოპმენტი WordPress-ის საფუძველზე
  4. UX/UI დიზაინი
  5. 3D მოდელირება
  6. ტექნოლოგიური მეწარმეობა
  7. მონაცემთა ვიზუალიზაცია
  8. მონაცემთა ანალიზი
  9. აპლიკაციების განვითარება
  10. Front-End პროგრამირება

2021–2024 წლებში სრულად ჩატარდა 193 კურსი, რომელთა ფარგლებში პროგრამები დაასრულა 2,610 კურსდამთავრებულმა. სასწავლო კურსებთან ერთად, ოთხწლიანი პერიოდის განმავლობაში აქტიურად განხორციელდა სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობა, მათ შორის:

  1. 80-ზე მეტი რეგიონული ღონისძიებაჰაკათონები, ტრენინგები, შეხვედრები და კონკურსები
  2. 30-ზე მეტი კარიერული განვითარების შეხვედრა
  3. 15 რეგიონული დასაქმების ფორუმი და ახალგაზრდული კვირეული
  4. ტრენერთა ყოველწლიური კონფერენციები და ტრენერთა ტრენინგის (ToT) სესიები

პროექტის ფარგლებში შემუშავებული სასწავლო კურსები, სასწავლო მასალები და საგანმანათლებლო პლატფორმა ხელმისაწვდომი დარჩება სხვა დაინტერესებული პირებისთვისაც. ზემოაღნიშნული მიმართულებების ინტეგრაციით საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება.

პროექტის კოორდინატორი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი