პროექტის მიზანია მეწარმეობის სწავლების გაძლიერება და უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევების განვითარების და კომერციალიზაციის ეტაპებზე გადაყვანის პროცესის განმტკიცება. პროექტი ასევე ითვალისწინებს ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც წაახალისებს უნივერსიტეტის პროფესორებს, მკვლევრებსა და სტუდენტებს მონაწილეობა მიიღონ დაფინანსებულ კვლევებში, გამოაქვეყნონ ნაშრომები ქართულ, ევროპულ და ჩრდილოამერიკულ აკადემიურ ჟურნალებში, დააპატენტონ და კომერციალიზაცია გაუკეთონ თავიანთ გამოგონებებს, ითანამშრომლონ ინდუსტრიასთან მდგრადი მეწარმეობრივი უნარების პროგრამის განვითარებისთვის და ხელი შეუწყონ ინოვაციისა და მეწარმეობის რეგიონული ეკოსისტემის ჩამოყალიბებას.
ISU-ს უკვე შექმნილი აქვს ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ცენტრი, მომავლის ფაბრიკაციის ლაბორატორია, პრეაქსელერატორი – ინოვაციისა და მეწარმეობის სივრცე, და ვიზუალიზაციის ლაბორატორია, რაც ხელს უწყობს როგორც სტუდენტებში, ისე პროფესორებში მეწარმეობრივი კულტურის განვითარებას. ISU-ს სურს გააძლიეროს განვითარების შესაძლებლობები მეწარმეობის სწავლებისა და მხარდაჭერის ინტეგრირებით საკუთარ სისტემაში. უნივერსიტეტი ასევე გეგმავს არსებული ინფრასტრუქტურის შემდგომ განვითარებას სემინარების, ტრენინგებისა და სხვადასხვა უნივერსიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნესის წარმომადგენელთა შეხვედრების მასპინძლობის გზით.
პროექტი მიზნად ისახავს ორმხრივი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას, რომლის ფარგლებშიც ორივე უნივერსიტეტი მიიღებს სარგებელს და ისწავლის ერთმანეთისგან. თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ნაწილი განხორციელდება ონლაინ რეჟიმში ვიზიტებსა და პირისპირ შეხვედრებს შორის პერიოდში. თანამშრომლობა მოიცავს სასწავლო გეგმებისა და პედაგოგიური მიდგომების გაცვლას, დაინტერესებულ ფაკულტეტებს, მკვლევრებსა და ადმინისტრატორებს შორის გამოცდილების გაზიარებას, ასევე სტუდენტური თანამშრომლობის დამყარებას.