მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ფარგლებში CA23149 პროექტის მთავარი მიზანია აღმოსავლეთ ევროპისა და მეზობელი ქვეყნების ანტიგენდერული პოლიტიკის შედარებითი კვლევა და განხილვა. პროექტი სისტემურად აანალიზებს დემოკრატიული ნორმებისა და სტრუქტურების დაცემასთან ანტიგენდერული და ანტიფემინისტური მობილიზაციების ზრდის კავშირს. იგი ხელს შეუწყობს თანასწორობას მოწინააღმდეგე მექანიზმების, აქტორებისა და დისკურსების შედარებითი შესწავლით; სისტემატურად დააკავშირებს ანტიფემინისტური და ანტიგენდერული პოლიტიკის გამოცდილების მქონე მკვლევრებსა და აქტივისტებს, ასევე მათ, ვინც ავითარებს ფემინისტური წინააღმდეგობის სტრატეგიებს https://www.cost.eu/actions/CA23149/.
პროექტის მიზნები:
- სამიზნე რეგიონების ქვეყნების შესახებ კვლევის არეალის გაფართოება და სისტემატიზაცია შედარებითი გენდერული პოლიტიკის პერსპექტივის შემუშავებით, რათა მოხდეს ანტიგენდერულ და ანტიფემინისტურ მობილიზაციებზე, დედემოკრატიზაციისა თუ ავტორიტარულ ტენდენციებზე, დემოკრატიის დაქვეითების ურთიერთმიმართებაზე სისტემური დაკვირვება და კვლევა ქვეყნები რეგიონებში და თავად რეგიონები ერთმანეთთან შედარებით;
- თვითრეფლექსური, თავსებადი და/ან შეკრული და ურთიერთშემავსებელი მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის მეთოდების შემუშავება, რომლებიც დაექვემდებარება პროექტის მიერ ჩამოყალიბებულ შედარებითი გენდერული პოლიტიკის პერსპექტივას. ეს უზრუნველყოფს კვლევის შედეგების მდგრადობას და სხვადასხვა კონტექსტში შედარების შესაძლებლობას. ამ მიზნით იგეგმება მეთოდოლოგიური ინოვაციებიც. ეს აუცილებელია შედარების სიღრმისა და სიზუსტის გასაუმჯობესებლად. ინოვაციურია პროექტის ტრანსდისციპლინური მახასიათებელი;
- რესურსების, ბიბლიოგრაფიული წყაროების და შესაბამისი პუბლიკაციების საერთაშორისო მონაცემთა ბაზის შექმნა;
- კვლევითი სტატიების, ნაშრომების/ესეების, მონიტორინგის ანგარიშების, ონლაინგაკვეთილებისა და პოლიტიკის დოკუმენტების სახით კვლევის შედეგების კომუნიკაციისა და გავრცელებისთვის საერთაშორისო ციფრული პლატფორმის ჩამოყალიბება;
- ეფექტური საზოგადოებრივი კომუნიკაციის სტრატეგიების ჩამოყალიბება და მოქალაქეთა მიერ მართული დემოკრატიული დელიბერაციის/დისკუსიის წახალისება საკითხებზე, რომლებიც აძლიერებს ანტიგენდერულ და ანტიფემინისტურ მობილიზაციას.
ოთხი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომლებიც დაკომპლექტდება სამიზნე რეგიონის წარმომადგენელი პროფესიონალებისგან, ასევე ახალგაზრდა მკვლევრების, ინოვატორებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან:
WG1: ისტორიული, სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური ფონის გამოვლენა;
WG2: სახელმწიფოს, სამოქალაქო საზოგადოებისა და ანტიგენდერული აქტორების სამკუთხედის გაშიფვრა პოლიტიზებულ რელიგიაზე ფოკუსით;
WG3: აქტივიზმისა და ოპოზიციის ფორმების გადახედვა მოულოდნელ მოკავშირეებზე ფოკუსით;
WG4: კვლევის და პროექტის შედეგების გავრცელება.
საკვანძო სიტყვები: ანტიგენდერული მობილიზაცია, ანტიფემინიზმი, ქალთა უფლებები, დემოკრატიზაცია, სოციალური ტრანსფორმაცია.
მეოთხე სამუშაო ჯგუფის (WG4) თანახელმძღვანელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გეტინგენის უნივერსიტეტის დოქტორანტი ქრისტინე მარგველაშვილი, კარლ ფრიდრიხ ლემან ჰაუპტის სადოქტორო პროგრამის (LHIDP) მონაწილე, რომელიც ასევე პროექტის ყველა სამუშაო ჯგუფის წევრია.
მმართველი კომიტეტი დაკომპლექტებულია ევროპის სხვადასხვა ინსტიტუტისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან: მარტინ-ოპიცის ბიბლიოთეკა (გერმანია), ჰელსინკის უნივერსიტეტი, ბელგრადის უნივერსიტეტი, პრაღის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტი, ბრატისლავის კომენიუსის უნივერსიტეტი, ზაგრების უნივერსიტეტი, საუნივერსიტეტო კოლეჯი ბედერი და ჰერდერის ინსტიტუტი აღმოსავლეთ ცენტრალური ევროპის ისტორიული კვლევებისთვის.
პროექტი იწყება 2024 წლის 21 დეკემბერს და დასრულდება 2028 წლის 20 დეკემბერს.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://www.cost.eu/actions/CA23149/